8-04-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მერმა ზაზა მელიქიძემ და უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ მოაწერეს.
შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაზე სხვადასხვა მიმართულებით და განსაკუთრებით საჯარო სამსახურის სფეროში.
აღინიშნა, რომ მომავალში მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად ჩაერთვება სტუდენტური ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებაში, გაგრძელდება წარჩინებულ სტუდენტთა სასტიპენდიო პროგრამა, მოეწყობა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციები და სხვადასხვა სახის დისკუსიები აქტუალურ საკითხებზე, წახალისებული იქნება სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობა. ერთობლივად მოხდება კულტურული, ინტელექტუალური და გასართობი ღონისძიებების, ასევე საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზება და ჩატარება. თანამშრომლობის ფარგლებში უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტები მერიის სისტემაში სტაჟირების გავლას შეძლებენ.
მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე თვლის - „ახალციხეში, როგორც საზღვრისპირა რეგიონში, უნივერსიტეტის არსებობას მნიშვნელოვანი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ერთობლივი ძალებით ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ აქ პროფესიონალი და მოტივირებული ადგილობრივი კადრების მომზადებასთან ერთად, მათ ხელშეწყობაზეც ვიზრუნოთ. ვფიქრობთ, რომ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, შემდგომში აუცილებლად გამოადგებიან ჩვენს მუნიციპალიტეტს“.
თავის მხრივ, უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე, დადებითად აფასებს ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლას და აქცენტს თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე და მუნიციპალიტეტის განვითარებაში უნივერსიტეტის დანიშნულებაზე აკეთებს.
ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიას მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მერაბ ბერიძე, კულტურის სამსახურის უფროსი ზაზა თამარაშვილი და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი მალხაზ ლომსაძე ესწრებოდნენ.