10-04-2019
სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ კონფერენცია „სამხრეთ კავკასიაში ნაღმებისა და აუფეთქებელი საბრძოლო მასალებისგან გაწმენდის მცდელობების გაზრდა“ გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს „HALO TRUST“-ის წარმომადგენლებმა რომლებმაც სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე, განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრეს. ღონისძიება „LINKS“-ისა და „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერითა ჩატარდა.
კონფერენციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „LINKS“-ის აღმასრულებელი დირექტორი დენის სამუტი, საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ვახტანგ ყოლბაიამ ტერიტორიების ნაღმებისა და აუფეთქებელი საბრძოლო მასალებისგან გაწმენდის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს კონფერენციაზე მოწვევისთვის და ასევე „HALO TRUST“-ის წარმომადგენლებს მრავალი წლის განმავლობაში მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის, იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პრობლემა უახლოეს პერიოდში აღმოიფხვრება და ტერიტორია ნაღმებისგან სრულად გაიწმინდება.
ღონისძიება „სამხრეთ კავკასია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გარეშე“ კამპანიის ფარგლებში ჩატარდა.