22-12-2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ადგილზე მსხვილი პროფესიული სასწავლებლის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სესიაზე ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის კითხვის პასუხად განაცხადა.
ქვარაია დაინტერესდა, რა გეგმებია შემუშავებული იმისთვის, რომ პორტის მშენებლობაზე ადგილობრივები დასაქმდნენ.
„გამოვყოფ ანაკლიის ღრმაწლოვანპორტს, რომელიც საუკუნის პროექტადაა შეფასებული. სწორედ ამ საკითხზე მექნებოდა შეკითხვა. ბევრი ადამიანი ელოდება მუშაობის დაწყებას, განსაკუთრებით კი - ადგილობრივი მოსახლეობა, ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობის კვალიფიკაცია არ შეესაბამება მოთხოვნებსა და სტანდარტებს, რომ დასაქმდნენ ანაკლიის პორტის პროექტის სამუშაოებზე. როგორია თქვენი ხედვა, რა გეგმებია გათვალისწინებული, რომ მოხდეს ამ ადამიანების გადამზადება და შემდეგ მათი დასაქმება. როგორ მოხდება პრიორიტეტის მინიჭება მათთვის? ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანებისვის?“, - იკითხა ქვარაიამ.
კვირიკაშვილის თქმით კი, მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის პორტი ადგილობრივებისთვის იყოს სარგებლის მომტანი.
„საინვესტიციო კონსორციუმს აქვს გეგმა, რომ ადგილზე გააკეთოს მოსამზადებელი სკოლა, სადაც დროის მოკლე პერიოდში სპეციალურად მომზადდება ადგილობრივი კადრები, იქ მაცხოვრებლები, რომ დასაქმდნენ მშენებლობაში. ეს ვალდებულებად აქვს აღებული კონსორციუმს, რომ იყოს საშუალება ადგილობრივები სპეციალობების შესაბამისად გადამზადდნენ და დასაქმდნენ“, - განაცხადა პრემიერმა.
წყარო: რადიო "ათინათი"
მისივე ინფორმაციით, პირველი სამშენებლო პროცესი პორტის ტერიტორიაზე 2 დღეში დაიწყება.
ზუგდიდის მაჟორიტარმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვა პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, მთავრობის შემადგენლობა კვირიკაშვილის მეთაურობით წარმატებული.
„მთავრობის ის შემადგენლობა, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობდით იყო წარმატებული და მე დარწმუნებული ვარ ის პროგრამა, რომელიც თქვენ დღეს წარმოგვიდგინეთ, ასევე იქნება წარმატებული. ამ წარმატებულობის მაგალითად ძალიან ბევრი უკვე განხორციელებული პროექტების მოყვანა შეიძლება. გამოვყოფდი ზუგდიდში ტექნოპარკის ინოვაციური პროექტის განხორციელებასა და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის დაწყებას, რომელსაც ზუგდიდი და სამეგრელო ძალიან დიდი ხანია ელოდებოდა», - აღნიშნა ქვარაიამ.
პარლამენტში რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება, სადაც პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები დეპუტატების კითხვებს პასუხობენ.