გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

28-30 ივნისს, ახალციხეში „ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალი“ გაიმართება

16-04-2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროში „ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა. ფესტივალი, რომელიც მიზნად ტრადიციული რეწვის დარგების პოპულარიზაციას და სახელოსნოების ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას ისახავს, 2019 წლის 28-30 ივნისს, ახალციხეში, რაბათის ტერიტორიაზე ჩატარდება.


ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი, ნანა დოლიძე, USAID-ის პროექტის „Zrda საქართველოში“ ხელმძღვანელის მოადგილე, ქეთევან ჭუმბურიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გურამ მელიქიძე, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზუემის დირექტორი, ანა შანშიაშვილი და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის დირექტორი, ირინა მანია.


პრესკონფერენციაზე ისაუბრეს ფესტივალში მონაწილეობის პირობებისა და იმ მრავალფეროვანი აქტივობების შესახებ, რომელიც „ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალის“ ფარგლებში გაიმართება.


მოეწყობა ადგილობრივი და საერთაშორისო ტრადიციული სახელოსნოების და ოსტატების საქმიანობის სადემონსტრაციო აქტივობები - ღია მასტერკლასები (კერამიკის ამოყვანა და მოხატვა, მეიარაღეობა, ბუნებრივი საღებავებით ღებვა, ფარდაგის ქსოვა, თელვა, ქსოვილების დაჩითვა, მუსიკალური საკრავების დამზადება და სხვა). სახელოსნოებთან განთავსდება მცირე ზომის სტენდები ტრადიციული რეწვის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვისთვის. ფესტივალის პროგრამა ასევე მოიცავს სამუზეუმო კოლექციების გამოფენებს, რეწვის ოსტატებისა და თანამედროვე არტისტების ინსტალაციებს, ინფო-ტურს ტურისტული სააგენტოებისათვის, საგანმანათლებლო პროგრამებს ბავშვებისთვის, საჯარო ლექციებს, პრეზენტაციებსა და კონცერტებს. ფესტივალის მიზანი ტრადიციული რეწვის დარგების პოპულარიზაცია და სახელოსნოების ტურისტული პოტენციალის წარმოჩენაა.


„ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალი“ იმართება საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის ორგანიზებით.


ფესტივალის მხარდამჭერია: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, USAID-ის პროექტი „ზრდა საქართველოში“, GIZ/IBIS-ის პროექტი საქართველოში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და დუშეთის მუნიციპალიტეტი.