გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის სკოლისშემდგომი განათლებისთვის მოსამზადებელი პროგრამა დაიწყება

16-04-2019

17 აპრილს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყება სკოლისშემდგომი განათლებისთვის მოსამზადებელი პროგრამა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების სამსახურის უფროსი სოსო ცოტნიაშვილი, სტუდენტები, პროფესორები, თსუ ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თსუ-სა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება სკოლისშემდგომი განათლებისთვის მოსამზადებელი პროგრამა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის.


პროექტის მიზანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების პიროვნული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრირება. პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფოს მრიდან მონაწილეთა სასწავლო თუ საცხოვრებელი ხარჯების სრულ უზრუნველყოფას, როგორც მომზადების პერიოდში, ასევე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების შემდეგ.


2019 წელს პროგრამაზე დარეგისტრიდა 110 მსურველი, საიდანაც 70-მა მოსამზადებელი კურსის გავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადაწყვიტა. აბიტურიენტების უმრავლესობა - 68 აბიტურიენტი გალის რაიონიდანაა, 2 კი - ახალგორის რაიონიდან. თსუ-ში დარეგისტრირებულთა უმეტესობა 2019-2020 სასწავლო წლიდან სწავლას უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე გააგრძელებს. თსუ-ში დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან 27 - მოსამზადებელი პროგრამის განმავლობაში თსუ-ის ლისის სტუდეტთა საერთო საცხოვრებელში იცხოვრებს.


ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისათვის განსაზღვრულია სამთვიანი ინტენსიური მოსამზადებელი პროგრამა, რომელსაც უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილება განახორციელებს. მოსამზადებელი პროგრამა 17 აპრილიდან დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება. პროგრამის დასრულების შემდეგ აბიტურიენტები შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ორ გამოცდას ჩააბარებენ: პირველი გამოცდა იქნება ქართულ ენასა და ლიტერატურაში (რომელიც სავალდებულოა პროექტში მონაწილე ყველა აბიტურიენტისთვის), ხოლო მეორე მომავალი პროფესიის მაპროფილებელ საგანში. (თსუ-ში დარეგისტრირებული აბიტურიენტები ქართულის გარდა მეორე გამოცდას ჩააბარებენ ისტორიაში - 7 აბიტურიენტი, გეოგრაფიაში -45 აბიტურიენტი, ქიმიაში-3 აბიტურიენტი, მათემატიკაში- 2 აბიტურიენტი, ბიოლოგიაში -13 აბიტურიენტი).


გარდა ინტენსიური მოსამზადებელი კურსისა პროგრამა ითვალისწინებს აბიტურიენტთა სისტემატურ ლექციებს მომავალ პროფესიასთან დაკავშირებულ აქტუალურ თემებზე და პროფორიენტაციაში. ლექციებს თსუ-ის საბავშვო უნივერსიტეტი აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებასთან ერთად გაუწევს ორგანიზებას უნივერსიტეტის პროფესორების და პროექტ თსუ-დესპანში ჩართული სტუდენტების დახმარებით.