17-04-2019
ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით სასტუმრო ,,ინტურისტ პალასში’’ გაიმართება II საერთაშორისო სემინარი თემაზე- ,,შავიზღვისპირეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეალური მდგომარეობა, პრობლემები და პერსპექტივები“.
სემინარზე წარმოდგენილი იქნება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ჩატარებული კვლევის შედეგები. სემინარში მონაწილეობას ღებულობენ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები მათ შორის, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან და იტალიიდან.
ღონისძიება დასრულდება გამოფენით, სადაც ბათუმის საზოგადოება პირველად იხილავს აფხაზეთის კულტურული ძეგლების თემატიკაზე შექმნილ ფერწერულ ნამუშევრებს. ასევე გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბათუმელი მხატვრების მიერ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი აჭარაში არსებული ძეგლების ფერწერული ტილოები.
მოეწყობა ეთნო კუთხე, სადაც მომზადდება ტრადიციული აჭარული კერძი ,,ბორანო’’, რომლის მომზადების წესსა და ტრადიციას მიმდინარე წელს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
18 აპრილი - ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1983 წელს იუნესკოსა და იკომოსის გადაწყვეტილებით დაწესდა და მას მთელ მსოფლიოში 1984 წლიდან აღნიშნავენ.