17-04-2019
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა სამეგრელოს რეგიონში ქონების უკანონოდ ჩამორთმევის 13 ფაქტი გამოავლინა და დაზარალებულთა უფლებების აღდგენის მიზნით, მათთვის კუთვნილი ქონებების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი უნდა გამოყოფოდა. მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას კი ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ირიცხებოდა ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად და ისინი შესაბამისი კომპენსაციის მიღების გარეშე საკუთრებას არ თმობდნენ.
პროცესის გამარტივების და მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემისგან თავის არიდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფმა საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადაგზავნა. აღნიშნულის საფუძველზე 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა. მათ შორის აღმოჩნდა ადგილობრივი მცხოვრებლების მიწის ნაკვეთებიც, ისე რომ მოსახლეობას რაიმე სახის კომპენსაცია არ მიუღია, რითაც უხეშად დაირღვა მათი საკუთრების უფლება.
სახელმწიფოს საკუთრებაში უსაფუძვლოდ დარეგისტრირებულ ნაკვეთებს შორის მოექცა ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში მდებარე კობა ყორშიას მიწის ნაკვეთი ფართობით 3,830 კვ.მ, თეა გეგეჭკორის მიწის ნაკვეთი ფართობით 3,126 კვ.მ, გივი სოსელიას მიწის ნაკვეთი ფართობით 1000 კვ.მ, ზ.ლ.-ს მიწის ნაკვეთი ფართობით 550 კვ.მ, მიხეილ სოსელიას მიწის ნაკვეთი ფართობით 6,008 კვ.მ, ზაზა ხასაიას მიწის ნაკვეთი ფართობით 1000 კვ.მ, სოფელ ერგეტაში მდებარე ალბერტი იზორიას მიწის ნაკვეთი ფართობით 12,500 კვ.მ, ქეთევან ზარანდიას მიწის ნაკვეთი ფართობით 7,065 კვ.მ და ხობის რაიონის სოფელ ხამისქურში მდებარე ტატიანა კუკავას მიწის ნაკვეთი ფართობით 7,603 კვ.მ, სოფელ ხეთაში მდებარე ბ.ა.-ს მიწის ნაკვეთი ფართობით 1,500 კვ.მ, სოფელ პირველი მაისში მდებარე მეტვარი ლაგვილავას მიწის ნაკვეთი ფართობით 4,700 კვ.მ, სოფელ გურიფულში მდებარე გ.გ.-ის მიწის ნაკვეთი ფართობით 5,120 კვ.მ, სოფელ პირველ ხორგაში მდებარე სპარტაკი ბერაიას მიწის ნაკვეთი ფართობით 4,500 კვ.მ.
დეპარტამენტი მიმართავს სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს, რათა 13 დაზარალებულ მოქალაქეს დაუბრუნდეს ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული ზემოხსენებული მიწის ნაკვეთები.
რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ მათ მიმართ შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს.