გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სარგავი მასალის სერტიფიცირების დანერგვის პროექტი იწყება

18-04-2019

გაეროს სურსათისა და სოფლის მეუროების ორგანიზაცია (FAO), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და ევროკავშირის მხარდაჭერით, სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვის პროექტს იწყებს.


პროექტი ორ ძირითად მიმართულებას - სერტიფიცირების სისტემის და საკანონმდებლო ბაზის დახვეწას და სანერგეების შესაძლებლობლების გაძლიერებას მოიცავს, მათ შორის, ნერგის მწარმოებელთა ასოციაციის ჩამოყალიბების ხელშეწყობას და სანერგეების წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ჩატარებას.


საქართველოში სანერგე მეურნეობების მდგომარეობის შესწავლის და მათი მოთხოვნების გათვალისწინების მიზნით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა სანერგე მეურნეობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. მხარეებმა სარგავი მასალის სერტიფიცირების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრეს. სანერგეების წარმომადგენლებმა პროცესში არსებულ ხარვეზებსა და მათ მოთხოვნებზე გაამახვილეს ყურადღება.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის დირექტორი, ლევან უჯმაჯურიძე, ევროკავშირის სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO), სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები და ევროპელი ექსპერტები ესწრებოდნენ.


აღსანიშნავია, რომ სანერგე მეურნეობის კვალიფიციურობის დადგენა, რომელიც სარგავი მასალის სერტიფიცირების წინაპირობაა, 2017 წელს დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურის წარმომადგენლებმა საველე ინსპექტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 85 სანერგეს კვალიფიციური სანერგის სტატუსი მიანიჭეს. სანერგის კვალიფიციურობის დადგენისას, შემფასებელი კომისია სანერგეებისადმი წაყენებული მოთხოვნის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით ხელმძღვანელობს. სარგავი მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი კი, მიმდინარე წელს დაიწყო და მას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი უფასოდ ახორციელებს.


სარგავი მასალების სერტიფიცირების პროცესს კანონი „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მთესლეობის შესახებ“ არეგულირებს, რომელიც ძალაში 2017 წლის 1 ივნისს შევიდა. აღნიშნული კანონი მიზნად ისახავს თესლისა და სარავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას, ბაზარზე ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის განთავსების უზრუნველყოფას და არეგულირებს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების რეგისტრაციასთან, თესლისა და სარგავი მასალის წარმოებასთან, გადამუშავებასთან, სერტიფიცირებასთან, შენახვასთან, რეალიზაციასთან, მიკვლევადობასთან და ადგილობრივ და იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებულ საკითხებს.