20-04-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული ლ.შ. დააკავეს.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულმა ბათუმში, ჰეიდარ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ე.წ. „ატმეჩკის“ გამოყენებით კუპიურების მიმღები ყუთი მოხსნა, სადაც თანხა ინახებოდა.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ლ.შ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ე.წ. ,,ატმეჩკები'', კუპიურების მიმღები ყუთი და 5 000 ლარამდე თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოკითხვისას, ლ.შ.-მ მიმდინარე წელს ჩადენილი სწრაფი ჩარიცხვის 23 აპარატის გაქურდვის ფაქტი აღიარა.
გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.