20-04-2019
ბათუმში, რ. კომახიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან ხანძრის შესახებ შეტყობინება დღეს დილით შევიდა. ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა მეხანძრე-მაშველთა 11 ჯგუფი. მათი ოპერატიული მოქმედების შედეგად, გადარჩენილია საცხოვრებელი სახლის უმეტესი ნაწილი. ჯამში, დამწვარია 450 კვადრატულ მეტრამდე ფართობი - შენობის მეორე სართული და სასხვენო გადახურვა.
ხანძრის ქრობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხანძრე-მაშველებმა სახლიდან ოქროს სამკაულების გამოტანა შეძლეს და მფლობელს სრულად დაუბრუნეს.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.