22-12-2017
2018 წლიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის 5 მილიონი ლარით გაზრდილი ბიუჯეტი ფსიქიკური სერვისების გაუმჯობესებას მოხმარდება, - ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციების - „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის“, „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის“, „საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების“, „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ და ფონდის - „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო კონცეფციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების 2015-2020 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის განვითარების უმნიშვნელოვანეს პრინციპებად აღიარებულია ფსიქიატრული სერვისების გეოგრაფიული და დროული ხელმისაწვდომობა, სოციალური სამართლიანობა და ბიოფსიქოსოციალური მიდგომა, რაც მოსახლეობის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული და დაბალანსებული სისტემის შექმნას უზრუნველყოფს.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის 2018 წლის დაფინანსება 5 მილიონი ლარით გაიზარდა და 21 მილიონი ლარი შეადგინა, რამაც შესაძლებელი გახადა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის მოცულობისა და ბიუჯეტის გადანაწილება ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის განვითარების პოლიტიკის მთავარი დოკუმენტების პრინციპებზე დაყრდობით მომხდარიყო.
2018 წლიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის ძირითადი ცვლილებებია:
1. გაიზარდა სათემო სერვისების დაფინანსება. კერძოდ გაზრდილი თანხის 54%-ზე მეტი სათემო ამბულატორიულ მომსახურებაზე გადანაწილდა.
2. სათემო ამბულატორიული ფსიქიატრიული მომსახურების ბიუჯეტი შემოსაზღვრული არეალის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით განისაზღვა.
3. პროგრამის მოცულობაში ცალკეული სერვისის სტანდარტის პარამეტრები შევიდა, რომლებიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებულმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა.
4. ქვეყნის მასშტაბით 11 მობილური გუნდი დაფინანსდა (გასულ წელს ფინანსდებოდა მხოლოდ 3 მობილური გუნდი). გაიზარდა თითოეული მობილური გუნდის ბიუჯეტიც, რაც ნიშნავს, რომ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მომსახურებას გაცილებით მეტი ბენეფიციარი მიიღებს.
5. სტაციონარული მომსახურების დაფინანსებისას უპირატესობა თანამედროვე ტიპის საწოლების დაფინანსებას მიენიჭა. გრძელვადიანი საწოლების დაფინანსება 19 ლარიდან 23 ლარამდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ახალი დაფინანსების პირობებში, ბალანსი სათემო და სტაციონარულ სერვისებს შორის 40%-60% შეადგენს, რაც ფსიქიკური ჯანმრთელობის 2015-2020 წლის სტრატეგიული განვითარების გეგმით არის გათვალისწინებული.
მისასალმებელია, რომ 2018 წლის ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამაში მკაფიოდ გამოიკვეთა ის მიმართულებები და პარამეტრები, რომლებიც მათი თანმიმდევრული დანერგვის შემთხვევაში, ხარისხიანი, თანამედროვე და ჰუმანური ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: "გურიის მოამბე"